Saturday, December 19, 2015

ქარიშხლიანი უღელტეხილი - Wuthering Heights

ქარიშხლიანი უღელტეხილი - სიძულვილით ნათქვამი სიყვარული
განა რა სურს ღმერთს ჩვენგან? ბრმად და იძულებით კეთილნი ვიყოთ თუ შეგნებულად ვარჩიოთ კეთილი ბოროტს? იქნებ ვინც შეგნებულად ირჩევს ბოროტების დაკლაკნილ ბილიკს რაღაცით მაინც ახლოა ღმართთან, ვიდრე ის ვისაც სიკეთის სწორ გზას იძულებით გაუყვებიან, - შემთხვევით არ მომყავს ბერჯესის სიტყვები, ფაქტია რომ ეს აზრი გასაგები არა მხოლოდ მე-20-ში არამედ, სულ რაღაც 100 წლის წინათაც იყო, სწორედ მაშინ როცა ბრონტე ასე თავგამოდებით ცდილობდა ადამიანად ყოფნის სევდას.
 ცხოვრება მართლაც დაუნდობელია თავისი დაკლაკნილი გზებითა და ბილიკებით. ადამიანს თითქოს სასჯელად ექცა ეს „დიდებულად“ ბოძებული „თავის-უფლება“, აღარ იცის რომელ შარას დაადგეს, მერე აირჩევს ერთს და სიცოცხლის ბოლოს მაინც ყველაფერს ნანობს. სამწუხაროა, რომ ჩვენი რომანის გმირს - მისტერ ჰითქლიფს - ცუდად ეწვია ეს გრძნობა. ჩვენს ბატონს სინდისის ქენჯნამ გული მიწიერ ჯოჯოხეთად უქციაო, - აღნიშნავს ერთ-ერთი მსახური - ჯოზეფი. სინდისის ქენჯნამ არ ვიცი, თუმცა ჰიტკლიფის მიერ არჩეულმა გზამ კი დატანჯა მისი პიროვნებაც და  მიწასთან გაასწორა მის ირგვლივ არსებული საწუთროც. ნუთუ შესაძლებელია ამგვარი სიძულვილის არსებობა ადამიანში? ან სად ილექება? ან რა ლექავს?
მისტერ ჰითქლიფი ერთი ბოშა ბიჭი იყო, რომელიც თვალის დახამხამებაში აღმოჩნდა ცივილიზებულ სამყაროში. მას იშვილებს მდიდარი ბატონი ჰერთონ ერნშო და შვილებზე დიდებულ პატივსაც მიაგებს, მაგრამ ვაი რომ დიადი სიკეთე ბოროტებას მოიმკის. ბოშა ვერაფრით შეეგუა ახალ ოჯახს, საზოგადოების მხრიდან კი მუდმივმა ჩაგვრამ და სიძულვილის აშკარა გამოვლინებამ, გაუცხოებული „სხეული“ კიდევ უფრო გარიყა და დააშორა ადამიანობას. ჰიტკლიფი ბავშვობიდან დიდ სიძულვილს იგროვებს ერნშოებისადმი.  სიყრმეში ნანატრ შურისძიებას თანდათანობით ახორციელებს და წლების შემდეგ კიდევ სხვა ბევრ„ნატვრასაც“  აისრულებს. უყვარდება მხოლოდ ერთი ერნშო - ქეითი. უყვარდება  თავისებური ეგოიზმით, სისატიკითა და დაუნდობლობით. იმდენად ძლიერი გრძნობა აკავშირებას ჰითქლიფს ქეითთან, რომ მის გამოსახატავად მხოლოდ ბოროტება რჩება. ყველაფერს იღონებს, რომ გამდიდრებით პატივი მოიხვეჭოს და ბავშვობაში განცდილი ჩაგვრა აინაზღაუროს. აინაზღაურებს კიდეც! მიწასთან გაასწორებს ერნშოებისა და ლინთონების მოდგმას, დაისაკუთრებს მამაულებს, მაგრამ მაინც უბედური დარჩება. ალბათ იმიტომ რომ „ნატვრაშესრულებულ კაცზე უბედური არავინ არის“ ქვეყნიერებაზე.
ადამიანის პიროვნებად ჩამოყალიბებას ბევრი რამ განსაზღვრავს. ცხოვრებაში მიმდინარე მოვლენები უკვალოდ არ ქრება, ბავშვობაში მიღებული ფსიქოლოგიური ტრამვები კი მძაფრად ვლინდება და წლების შემდეგ ამოდის ცნობიერში. ამას კი ვამბობ, მაგრამ ჰიტკლიფის შემთხვევაში მგონია, რომ ის ასეთი დაიბადა. ის „ღრმად ჩასმული თვალები, რომლებიც სარკმელს არასდროს აღებდნენ და შეპარვით უცქერენ ადამიანს- ბუნებით ერგო ბოშას. მან ვერ შეძლო, თუმცა არც უცდია - „ორი ეშმაკუნა“ უბიწო ანგელოზად ექცია, ვერც ის შეძლო მოყვარე დაენახა და ბოლოს მაინც იმ გოშიასავით მოიქცა, რომელმაც იცის რომ დამსახურებულად მიიღო წიხლი და მთელ ქვეყნიერებას იმ ერთის გამო გადაემტერა, რომელიც წიხლს სთავაზობდა.
როგორი იყო ჰიტკლიფი ძლიერი, რომ ამდენი შეძლო, არაფრიდან ყველაფერი შექმნა თუ სუსტი პიროვნება, რომელიც შეუბრძოლებლად დანებდა ეშმაკს?! ალბათ უფრო მეორე. აქ გავკადნიერდებოდი და ჰიტკლიფის მაგალითიდან გამომდინარე პასუხს შევბედავდი ბატონ ბერჯესს. კითხვაზე რა სურს ღმერთს, ბრმად და იძულებით ვიყოთ კეთილები თუ შეგნებულად ბოროტებიო, ვიტყოდი, - იქნებ ის უფრო ღირებულია მოერი თავს და ნაბიჯი გადადგა სიკეთისკენ, განა ის უფრო დიდი ვაჟკაცობა და სიძლიერე არ არის, რომ შენს თავში ჩაკლა ბოროტი და შემდეგ თუნდაც ძალით დაადგე სიკეთის გზას;რა მნიშვნელობა აქვს ძალით თუ ნებით, ეს ხომ სიკეთის გზაა. აი სწორედ ესაა ალბათ ყველაზე დიდი ძლიერება, კაცობაც და ვაჟკაცობაც, რაც ვერ მოახერხა ჰიტკლიფმა, ამიტომაცაა ის სუსტი და უსუსური არსება ჩემთვის.
ყველაფერი სიყვარულის გულისთვის გააკეთაო.ეს კიდევ სხვა რამ არის. სიყვარულში ხომ ყველას თავისი სიმართლე აქვს. ჰიტკლიფსაც თავისებურად უყვარდა, ისე რომ მიწიდან ამოთხრის თვრამეტი წლის მიცვალებულს  და სიცოცხლეშივე გაიმზადებს მის გვერდით საფლავს, იქნება ასე მაინც ღირსებოდა ქეითთან სიახლოვე. მიაღწია თუ არა სანუკვარს, არავინ იცის!
ამდენი ისულგულა, იბოროტა, ისასტიკა და რითი დასრულდა ყველაფერი? ჰიტკლიფის სარეცელთან დამხობილი მსახური მადლობას სწირავდა უფალს უძველესი ჯიშისა და კანონიერი ბატონის უფლებების აღდგენისთვის. მაინც სიკეთემ გაიმარჯვა. ქორწინდება წყვილი ერშოსა და ლინთონის გვარისა და სამუდამოდ ტოვებენ ქარიშხლიან უღელტეხილს, ადგილს სადაც თითქოს ადამიანი ვერ პოულობს ბედნიერებას. იქ მხოლოდ ავი სულები თუ დაიმკვიდრებენ სამუდამო სამყოფელს.
წიგნი სრულდება ბოროტების დასამარებით. „ბალახში ნიავი დაქროდა  და გამიკვირდა, როგორ შეიძლება ვინმემ იფიქროს, რომ ამისთანა მყუდრო მიწაში ვინმეს მშვიდი ძილით არ ეძინოს მეთქი, - უკვირს ავტორს გარემო სიმშვიდე, როდესაც მიწა ამგვარ სიბოროტეს იტევს და მართლა საკვირველი არ არის საიდან მოდის ამხელა სიძულვილი და მერე სად მიდის?

 ეკატერინე კვანტალიანი

No comments:

Post a Comment