Saturday, August 22, 2015

Socialism - სოციალიზმი

 სოციალიზმი
თავადაპირველად, მოცემული თემის უკეთ გასაგებად მოკლედ შევეხები თავად პოლიტიკური იდეოლოგიის არსს, შემდეგ კი მის ერთ-ერთ გამოვლინებას - სოციალიზმს.
„იდეოლოგია“  პოლიტიკური ანალიზის ერთ- ერთ ყველაზე საკამათო თემადაა მიჩნეული, თუმცა დღესდღეობით ეს ტერმინი საკმაოდ ნეიტრალური მნიშვნელობით გამოიყენება ამა თუ იმ ფილოსოფიური თუ პოლიტიკური მსოფლმხედველობის აღსანიშნავად. ეს  ტერმინი 1796 წელს ფრანგმა ფილოსოფოსმა დე ტრესიმ დაამკვიდრა, რომელმაც იდეოლოგიას ,, მეცნიერება - იდეების შესახებ“ უწოდა, გერმანელი ფილოსოფოსი და ეკონომისტი კარლ მაქსი კი პოლიტიკურ იდეოლოგიებს მმათველი კლასის იდეებად მიიჩნევდა ანუ სოციალური ფენის იმ ნაწილის მოსაზრებებად , რომელიც საზოგადოების ყოფას განკარგავდა და იმავდროულად წარმოადგენდა მმართველ ინტელექტუალურ ძალას, რომლის ხელში იყო წარმოებისა თუ შრომის საშუალებები.
მარქსისიტული გაგებით იდეოლოგია ზოგადად სიყალბეა და მისი უმთავრესი მიზანი საზოგადოების ჩაგრული ფენის მოტყუებაა, რაც ისტორიის სხვადასხვა ეტაპზე, სხვადასხვა საზოგადოებებმა კარგად გამოსცადა.
სოციალიზმი პოლიტიკურ იდეოლოგიათა იმ დიდი ჩამონათვალის ერთ-ერთი გამოვლინებაა, რომელიც დიდი  „პოპულარულობით“ სარგებლობდა  და საოცარი ის არის რომ მრავალ ქვეყანაში დღესაც არ კარგავს თავის მნიშვნელობას.
სოციალისტური იდეები ჯერ კიდევ პლატონისა („სახელმწიფო“),  თომას მორის [1] („უტოპიაში“)   ნამუშევრებში შეინიშნებოდა. ამ იდეების ნიმუშმა ე.წ  „დიგერებისა“[2] და „ლეველერების“[3] პერიოდშიც გაიჟღერა, თუმცა როგორც პოლიტიკურმა დოქტრინამ მან ფართო გასაქანი XIX საუკუნის დასაწყისში ჰპოვა.თავდაპირველად ის გამოხატავდა წვრილი მეწარმეების ინტერესებს და უპირისპირდებოდა სამრეწველო კაპიტალიზმს.იმთავითვე ეს პოლიტიკური მისწრაფება ერთგვარ უტოპიურ, რევოლუციურ იდეოლოგიას წარმოადგენდა, თუმცა  გარკვეული პერიოდის შემდეგ ამ მოძღვრებით მზარდი მუშათა კლასი შეიარაღდა. ამ დოქტრინის ძირითადი მიზანი საბაზრო გაცვლა-გამოცვლაზე  კაპიტალისტური ეკონომიკის მოშლა  იყო, ამას ახლდა კერძო საკუთრების გაუქმებისა და მისი საზოგადოებრიობით ჩანაცვლება, რაც თავისთავად გულისხმობდა მუშათა კლასის დაწინაურებას. სოციალიზმის ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი პროპაგანდისტული ლოზუნგი იყო : „ყველასაგან შესაძლებლობის მიხედვით, ყველას - შრომის მიხედვით“, ეს უკანასკნელი, კი ხალხში სოციალური სამართლიანობისა და პიროვნების ჰარმონიული განვითარების ილუზიას ქმნიდა.სოციალიზმის ამ განშტოების იდეები მეტწილად კარლ მაქს ეკუთვნის, რომლის ნააზრევმა XX საუკუნესი კომუნისტურ იდეოლოგიას ჩაუყარა საფუძველი.
მუშათა კლასის დაწინაურებას თანდათან მოჰყვა შრომის ანაზღაურების ზრდა, პროფკავშირებისა და სოციალისტური ტიპის პოლიტიკური პარტიების შექმნა, რაც თითქოს და უმტკივნეულო პროცესს ხდიდა საპარლამენტო გზით სახელმწიფო აპარატის და საერთოდ ყოფა-ცხოვრების სოციალისტურ ყაიდაზე გადასვლას.
 მთელი XX საუკუნის განმავლობაში სოციალისტური მოძრაობა ორ მოქიშპე ბანაკად დაიყო :ლენინისა და ბოლშევიკების ბანაკად, რომლების საკუთარ თავს კომუნისტებს უწოდებდნენ და რეფორმატორ სოციალისტებად, რომლებიც შემდგომში სოციალ-დემოკრატებად მოინათლნენ. ეს უკანასკნელნი საერთოდ უარყოფდნენ კერძო საკუთრების გაუქმებას და პოლიტიკური დაგეგმარების არსებობას. გარკვეული პერიოდის შემდეგ ისინი უფრო მეტად უახლოვდებოდნენ ლიბერალურ იდეოლოგიებს.
სოციალიზმი სხვა პოლიტიკური მოძღვრებებისგან გამოირჩევა ისეთი მახასიათებლებით, როგორიცაა:
ერთობა - როგორც ჯონ დონი[4] წერდა თავის მოძღვრებაში : „არა კაცი არაა ზღვაში ჩაკარგული კუნძული - ადამიანი ერთიანი კონტინენტის ნაწილია მხოლოდ“, სწორედ ამ პრინციპით, სოციალიზმიც ადამიანს განიხილავდა საზოგადოების ნაწილად, რომლის კეთილდღეობაზეც დამოკიდებული იყო ცალკეულ ინდივიდთა ყოფა. სწორედ ამგავარად, სოციალიმზმი ადამიანთა მოდგმას საერთო თვისებებით შეკავშირებულ საზოგადოებრივ  ერთიანობად განიხილავდა, სადაც პიროვნული ქცევა სოციალური (საზოგადოებრივი) ფაქტორებით იყო განპირობებული.
ძმობა - თუკი ადამინები ერთიანობის პრინციპით ასრებობენ, მაშინ მათვის პრიორიტეტულია ახასიათებდეთ ამხანაგობისა და ძმობის განცდები.სწორედ ამ კუთხით ს განსაზღვრება სოციალისტების მიერ თანამშრომლობის უპირატესობა  კომუნიკაციასთან, ინდივიდულიაზმისა კი - კოლეტივიზაციასთან.
სოციალური თანასწორობა -თანასწორობა არა შესაძლებლობების, არამედ კეთილდღეობის თვალსაზრისით - სოციალიზმის ერთ-ერთი ფუნდამენტალური ღირებულებაა, რომელიც შემდგომში თავისთავად გულისხმობს უკლასო საზოგადოების არსებობას.
საერთო საკუთრება - „შერეული ეკონომიკა“ - სწორედ ეს ტერმინი შესაძლოა ზუსტად განსაზღვრავდეს „საერთო საკუთრების“ დეფინიციას. საბჭოთა პერიოდში საერთო საკუთრების არსებობა გამოიხატებოდა „კოლმეურნეობებისა“ და „ნაციონალიზაციის“ საზოგადოებაში დამკვიდრებით, მართალია ყოველივე ეს ძალადობის, რამდენიმე მილიონი გადიდრებული გლეხის „გაკულაკებისა“ თუ დახვრეტის ხარჯზე მოხდა, თუმცა რაც მთავარია, ამ ღირებულების საზოგადოებაში რეალიზაცია განხორციელდა, რასაც თანამედროვე სოციალისტები დღესდღეობით კატეგორიულად ემიჯნებიან და ზოგადად სწორედ საერთო საკუთრების არსებობას მიიჩნევენ სოციალიზმის( კომუნიზმის) კრახის საფუძვლად.
სოციალიზმი, შემდგომში კი მის საუძველზე აღმოცენებული კომუნიზმი ყველაზე „კარგად“  საბჭოთა კავშირში (სსრკ- საბჭოთა სოციალისტურ რესპუბლიკათა კავშირი) განხორციალდა, უფრო მეტიც ისე კარგად რომ „გაწითლების“ საფრთხის ქვეშ აღმოჩნდა მთელი მსოფლიო. ფაშიზმის გააქტიურების პერიოდშიც კი თავის გამოვლინებათა სისატიკით  ევროპის იმდროინდელი ლიდერები „კომუნიზმს“ უფრო დიდ საფრთხედ მიიჩნევდნენ, ვიდრე ფაშიზმს. მოგვიანებით კომუნიზმს აქტიურად დაუპირისპირდა „რკინის ფარდის“ მიღმა არსებული სახელმწიფოები და საბოლოოდ 1990 [5]წელს „ცივი ომის“ დასრულებასთან ერთად მოხერხდა კომუნიზმის საბოლოო, „უსიტყვო კაპიტულაცია“[6].
ზოგადად, მსოფლიოში საზოგადოების უმეტესი ნაწილი სოციალიზმს უარყოფითი კლიშეებით ახასიათებს, თუმცა რაოდენ გასაკვირიც არ უნდა იყოს თანამედროვე მსოფლიოში დღესაც შეინიშნება სოციალისტური ქვეყნების აქტიურობა. საინტერესო ისაა თუ როგორ ახერხებენ ისინი განვითარებას გლობალიზაციის პირობებში, როდესაც იძულებუნი არიან ითანამშრომლონ კაპიტალისტურ სახელმწიფოებთან. განსხვავების უკეთ დასანახად ერთმანეთს შევადაროთ ორი სოციალისტური  სახელმწიფო: ვენესუელა და ჩინეთი.
ვენესუელა ფედერაციული სახემწიფოა, რომელიც 23 სტატისგან შედგება. 2002 წელს არჩევნების ჩატარების შემდეგ ქვეყნის პრეზიდენტი უგო ჩავესი გახდა.სწორედ  მისი პრეზიდენტობიდან დაიწყო მნიშვნელოვანი ძვრები ამ ქვეყანაში. უნდა აღინისნოს, რომ ვენესუელა  მდიდარია გაზითა და ნავთობით[7], სწორედ ამ უკანასკნელის მარაგმა განაპირობა უგო ჩავესის რეფორმები. ის თვლიდა, რომ ვენესუელა ნავთობის მარაგთან ერთად მოახერხებდა საკუთრივ განვითარებასაც, რათა მიეღწია სოციალური თანასწორობისთვის. უგო ჩავესის  ნააზრევმა განვითარების გზა ვერ ჰპოვა, მეტიც ქვეყანაში დემოკრატიულმა პრობლემებმა იჩინა თავი. დღესდღეობით ვენესუელა ერთ-ერთი ყველაზე კორუმპირებული და კრიმინალური სახელმწიფოა, სადაც ინფლაციის დონე 50 % აღწევს.
რაც შეეხება ჩინეთს ის რადიკალურად განსხვავდება ვენესუელასაგან თავის ეკონომიკური და სოციალური მდომარეობით. ჩინეთი სოციალისტური ქვეყანა, სამოქალაქო ომის (1921წ) შემდეგ, სოციალისტური პარტიის გამარჯვებით გახდა, რომელიც დღესდღეობით მარქსისტულ-ლენინისტურ იდეოლოგიებთან ერთად, მაო ძედუნის პრინციპებითაც ხელმძღვანელობს.ის მსოფლიოში ეკონომიკური თვალსაზრისით ერთ-ერთი მოწინავე ქვეყანაა აშშ-ს შემდეგ. ყოვლივე ამის შემდეგ, ლოგიკური დაგვებადოს კითხვა თუ როგორ მოახერხა ჩინეთმა სოციალისტური წყობის პირობებში ამგვარი განვითარება და  რატომ არ მოხდა იგივე ვენესუელას შემთხვევაში?ამის უკეთ გასაგებად უნდა აღინიშნოს, რომ 2009 წლის ეკონომიკური კრიზისის დროს, ჩინეთის ეკონომიკა 9% გაიზარდა, სწორედ ამ პერიოდში აშშ-ს კრედიტორი ჩინეთი იყო,ხოლო 2010 წელს ის მშპ-ს მაჩვენებლით მსოფლიოში მეორე ადგილი დაიკავა, ჩამოიტოვა ისეთი კაპიტალისტური სახელმწიფოები, როგორიცაა: საფრანგეთი, ინგლისი და გერმანია. საქმე ის არის რომ „ჩინური სოციალიზმი“ საკმაო დათმობებზე წავიდა, რაც ზოგადად არ ახასითბს „ნამდვილ“ სოციალიზმს. ამ ქვეყანაში მოხდა სასოფლო წარმოებისა და კერძო ბიზნესის ხელშეწყობა, ფული ჩაიდო სამრეწველო განვითარებასა და ქვეყნის მუშა-ხელის კვალიფიკაციის ამაღლებაში. ყველაზე დიდი დათმობა კი ვაჭრობისა და ინვესტიციების ლიბერალიზაცია გამოდგა. ზემოთხსენებულ კითხვას ალბათ ჩინელი ხალხის შრომისუნარიანობა, მობილიზაცია და რაოდენობაც პასუხობს, რითაც ნაკლებად გამოირჩევა ვენესუელა. მიუხედავათ ეკონომიკური სიძლიერისა ჩინეთის და ზოგადად სოციალისტური ქვეყნების მნიშვნელოვანი დანაკლისი დემოკრატიაა. ადამიანის უფებების დაცვის, სასამართლო სისტემის და კორუფციის კუთხით ვითარება აშკარად სავალალოა. ჩინეთში ყოველწლიურად 5,000 ადამიანი ისჯება სიკვდილით, რაც მსოფლიო ქვეყნების საერთო მაჩვენებელს აჭარბებს.
დღესდღეობით სოციალიტური წყობის სახელმწიფოთა რიგებშია: ჩინეთი, ვიეტნამი, ლაოსი, ბანგლლადეში,ინდოეთის რესპუბლიკა,ჩრდ. კორეა, პორტუგალია, ვენესუელა და ა.შ
ჩინეთისა და ვენესუელას მაგალითიც საკმარისია იმის დასადგენად, რომ გავაანალიზოთ თუ რაოდენ განსხვავდება ერთმანეთისგან 21-ე საუკუნის სოციალისტური სახელმწიფოები. უნდა აღინიშნოს, რომ  ამ ტიპის ქვეყნებში არსებული არასტაბილური სიტუაციისა და დემოკრატიასთან დაკავშირებული პრობლემების გამო საზოგადოებრივი ყოფა მეტისმეტად მძიმეა. ჩინეთშიც კი, სადაც ეკონომიკური პრობლემა ფაქტობრივად არ არსებობს, მოსახლეობის უდიდესი ნაწილი ტოვებს ქვეყანას, განსაკუთრებით კი მდიდარი ფენა, რაც თავისთავად უამრავ კითხვას ბადებს.
დასკვნის სახით შეგვიძლია განვმეორდეთ  და ვთქვათ, რომ კარლ მაქსმა თავიდანვე სწორად აღნიშნა იდეოლოგიებთან დაკავშირებით, რომლებსაც უტოპია უწოდა. ფაქტები გვარწმუნებს, რომ იდეური სოციალიზმი პრაქტიკაში განუხორციელებელი დარჩა, არ უარსებია არც უკლასო საზოგადოებას და მითუმეტეს არც სოციალურად თანასწორს. პრაქტიკაში ის მხოლოდ მმართველი კლასიის ნება-სურვილების ჩამატებით განხორციელდა,რაც თავისთავად უკარგავდა სოციალიზმს თავის ჭეშმარიტ სახეს.
სოციალიზმზე საუბარს კონსერვატორის სიტყვებით დავასრულებ :ვერავინ იტყვის, რომ დემოკრატია არის მართვის სრულყოფილი და ბრძნული ფორმა. მართლად უთქვამთ, რომ დემოკრატია არის მართვის უსაძაგლესი ფორმა, თუ არ მივიღებთ მხედველობაში ყველა დანარჩენს, რაც კი ოდესმე მოუსინჯავთ“, ვიმედოვნებ, რომ უისტონ ჩერჩილი „ყველა დანარჩენში“ სოციალიზმსაც გულისხმობდა.



გამოყენებული ლიტერატურა:
·         ენდრიუ ჰეივუდი - „პოლიტიკა“
·         http://intermedia.ge/სტატია/
·         http://en.wikipedia.org/wiki/
·         უისტინ ჩერჩილის გამონათქვამები











[1]  თომას მორი - (1478-1535) ინგლისელი სახელმწიფო მოღვაწე და ჰუმანისტი მწერალი.
  
[2]  diggers –„ მთხრელები“ - მე-17 საუკუნის ინგლისის ბურჟუაზიული რევოლუციის დროს აგრარული მოძრაობის მონაწილეები ( გლეხები), გამოეყვნენ „ლეველერებს“ და მოითხოვდნენ „კერძო საკუთრების“ გაუქმებას.
[3] levelers – „გამთანაბრებლები“ - მე-17 საუკუნის ინგლისის ბურჟუაზიული რევოლუციის რადიკალური წყრილბურჟუაზიული დემოკრატიული პარტია (მუშები,ხელოსნები ვაჭრები), მოითხოვდნენ თანასწორუფლებიანობას, გლეხებისთვის მიწების დაბრუნებას, თუმცა ემიჯნებოდნენ „კერძო საკუთრების“გაუქმების იდეას, ამიტომ გამოეყვნენ „დიგერებს“.
[4] John Donne – (1572-1631) ინგლისელი პოეტი და ინგლისის ეკლესიის კლერკი. მეტაფიზიკური პოეზიის პირველი წარმომადგენელი.
[5] სსრკ-ს დაშლის თარიღად ზოგიერთ წყაროში მითითებულია 1991 წელი.
[6] ეს ფრაზა - „უსიტყვო კაპიტულაცია“ მეორე მსოფლიო ომის შემდეგ გერმანიის მისამართით გამოყენებული წინადადებაა, რაც მის დამარცხებას აღნიშნავდა.
[7] 2011 წლის კვლევების თანახმად ვენესუელაში არსებული ნავთობის მარაგი მსოფლიო მარაგის 18% უდრის, მაშინ როცა საუდის არაბეთის - 16%.

No comments:

Post a Comment